ნავთლუღში 32 ავტოფარეხს დემონტაჟი უტარდება

680

ისნის რაიონში მოსახლეობის თხოვნით, ნავთლუღის ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N15-ის მიმდებარედ არსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო.

ისნის რაიონის გამგებელის კახა ლაბუჩიძის თქმით, ცხაურის ტიპის ავტოფარეხების კონსტრუქციების დაშლის შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება და გამგეობა საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიას კეთილმოაწყობს. კერძოდ, კორპუსებს შორის კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება ასფალტის საფარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, სკვერში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები და ლამპიონები.

გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ცხაურის ტიპის 11 ავტოფარეხი უკვე დაშლილია და სამუშაო პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, სულ 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება.

“ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ავლაბრის, ვაზისუბნისა და ნავთლუღის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, უკვე 81 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. მოსახლეობის გამოხმაურების შემთხვევაში, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ გამგეობაში.