ახმეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 867 000 ლარია გამოყოფილი

694

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის მიმართულებით 1 867 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

“მუნიციპალიტეტში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. ამ თანხაში შედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია“, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.