საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1 500 ლარიდან დაიწყება. მისი თქმით, პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო მათი ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება.
“ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500- ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.