თელავის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით 1 760 000 ლარი გამოიყოფა

1033

მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 1 760 000 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერიაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას.

“პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ავადმყოფთა, გაჭირვებულთა და სოციალურად დაუცველ პირთათვის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა.

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ასევე, პროგრამით  გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, მათი კვებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მედიკამენტებითა და სამედიცინო დახმარების მომსახურების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, ასევე გარდაცვლილ ვეტერანთა, დევნილთა, უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დახმარების ღონისძიებების დაფინანსება და ა.შ.

ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსება, რომლის მიზანია თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“, – აცხადებენ თელავის მერიაში.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თელავის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებაზე 1 267 000, სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 850, ხოლო, დასუფთავების ღონისძიებებზე 833 000 ლარი დაიხარჯება.