კალაძე: თოვლის ბაბუას “სკაიპით“ ვესაუბრე და ის თბილისში 28 დეკემბერს ჩამოვა

730

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება. მისი თქმით, 28 დეკემბერს 8 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მერია საახალწლო სოფელს გახსნის.

როგორც კალაძემ განაცხადა, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს ჩამოვა.

“დღეს მქონდა კომუნიკაცია და “სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება “გუფი ლენდის“ კონცერტი  და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ყველა საახალწლო ღონისძიება, რომელიც მომდევნო დღეებშია დაგეგმილი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

“31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს. 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის “ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი “ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე. ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში.

ძალიან ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონებში. ჩვენ შარშან სამ მისამართზე გვქონდა საახალწლო კონცერტი: ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა წარმოდგენილი იყო ცენტრში, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს და ვარკეთილში ცოტა მეტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება. წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი 2019 წლის შემობრძანებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. ამასთან, ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება.