დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

872

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც, ასევე, საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალაკონცერტი გაიმართება. როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს 22 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საახალწლო სოფელიც აქვე განთავსდება. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება და საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, პატარებთან ერთად მობრძანდნენ და ერთად ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საახალწლო ღონისძიება გაერთიანდება.

“წელს ძალიან საინტერესო კონცეფცია გვაქვს – რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალაკონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. დადგმის ავტორია ნიკუშა შველიძე, ხოლო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. ღონისძიებაში არაერთი მსახიობი და მუსიკოს-შემსრულებელია ჩართული. გალა კონცერტს მუსიკალურად, ასევე, 82 არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვი გააფორმებს”, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ამასთან, ცნობილია, რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.