თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
“31 დეკემბერს, თბილისის “მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო “რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.
დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ.
მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება: იგი 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება.
როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. ამასთან, ცნობილია, რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.
თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.