მომავალი წლიდან თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

823

წინა სტატია

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოს ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ბაღების მშენებლობა უმთავრესი ამოცანაა და 2018 წელს 11 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, ხოლო, 2019 წლის დასაწყისიდან კიდევ 11 ბაღის მშენებლობა დაიწყება. რგორც გვანცელაძემ განაცხადა, უკვე მომზადებულია ადგილები გლდანში, დიდუბეში, სამგორში, ისანსა და კრწანისში, სადაც მშენებლობები დაიწყება.

გვანცელაძემ ბაგა-ბაღების სააგენტოს 2019 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მთავარ გამოწვევად სერვისების ხელმისაწვდომობა რჩება.

“ჩარიცხვის 3 000 აპლიკაცია დაუკმაყოფილებელი დაგვრჩა, თუმცა მომავალ წელს კიდევ 11 ბაღს ავაშენებთ, შეიძლება, ეს რიცხვი 12-მდეც გაიზარდოს ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით. ავარიული ბაღების დემონტაჟს განვახორციელებთ და მათ ადგილზე ახლებს ავაშენებთ. გვსურს, შემოვიღოთ ელექტრონული ჟურნალი. პრობლემები რეგისტრაციის მხრივ არის, რადგან არის რაიონები, მაგალითად, საბურთალო, ვაკე, ჩუღურეთი, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია მაღალია, შესაბამისად, იქ ბაღების რაოდენობა არაა ადეკვატური. მომავალ წელს ამ რაიონებში არა, მაგრამ გლდანში, სამგორში, ისანში იქნება მშენებლობები, სადაც ასევე მაღალი მოთხოვნაა ჩვენს სერვისებზე.

რემონტს რაც შეეხება, შევეცდებით, სახურავების პრობლემა სადაც არის, მოვაგვაროთ და იქვე ინტერიერის პრობლემებსაც მივხედოთ, აქცენტს კი საბავშვო ოთახებზე ავიღებთ”, – აღნიშნა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო მეთოდოლოგიისა და აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების მიმართულებით და ეს პროცესი, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 2019 წელს კიდევ უფრო ინტენსიური იქნება.