ფოთის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

705

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული და დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვლილი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და ქალაქში არაფერი კეთდება. ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული, ეს სირცხვილია. მეორე წელია ამას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. მრავალშვილიან ოჯახებზე რეგულაციები აქვთ დაწესებული და რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩენილია ამ სარგებლის გარეშე. ეს არ არის ის სოციალური პაკეტი, რომელიც რეგულაციებს ექვემდებარება. ქალაქი დაჩაჩანაკებულია, არაფერი არ კეთდება, ბიუჯეტში კი აუთვისებელი თანხა რჩება. საზოგადოებამ გათვალოს როგორ მუშაობს მერია და საკრებულო“, – განუცხადა  საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციას მმართველი გუნდი არ ეთანხმება. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტუქტურაა.

“საკრებულომ მიიღო 2019 წლის ბიუჯეტი და ის მაქსიმალურად არის გათვლილი მოსახლეობაზე, იმ შემოსულობებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რაც ქალაქს აქვს. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები. ოპოზიციამ უნდა თქვას საყვედური, ნეგატივზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მათი მისიაა, რომ არ დაუჭირონ მხარი,“- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა.