ახალციხეში სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

682

20 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და ფერმერთა საბჭოს წევრებმა, 2013–2018 წლებში, რეგიონში განხორციელებულ პრექტებსა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას სამხრეთოს კარიბჭე ავრცელებს.

შეხვედრა, რომელსაც ფერმერები ესწრებოდნენ, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თამარაძემ გახსნა. მისი თქმით, 2013–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 131 000 000 ლარი დაიხარჯა. აქედან სახელმწიფომ 73 000 000 გამოყო.

“მნიშვნელოვანი იყო აგროკრედიტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო წლიურად 11 % აფინანსებდა და მსესხებელს წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი–ხუთი პროცენტის გადახდა უწევდა ზედმეტად“, – ამბობს თამარაძე და ამატებს, რომ სამცხე–ჯავახეთში 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით 57 000 000 ლარის კრედიტი გაიცა.

შეხვედრაზე აგროდაზღვევის ხარვეზებზე ისაუბრა “სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორმა გურამ ჯინჭველაძემ. მისი თქმით, იმის გამო, რომ თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას რეგიონში ოფისი არ აქვს, ხშირად პრობლემები იქმნება: “არც წარმომადგენლები ჰყავთ, ამიტომ მაშინ მოდიან, როცა უკვე გვიანია. რეალურად დაზღვევაზე თებერვლიდან უნდა იზრუნო. ესენი კიდევ მუშაობას იწყებენ მაისიდან. ჩვენთან ხშირად არის სეტყვა, მითუფრო ივნისში და დაზღვევა ვერ ესწრება“.

ფერმერებმა ისაუბრეს ახლადგანხორციელებული პროგრამის “ახალგაზრდა მეწარმის“ შესახებაც. აღნიშნულ პროექტს რეგიონში სულ ოთხი ბენეფიციარი ჰყავს. როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მათ რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს: “ამ პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები კახეთიდან დაიწყო, ამიტომ როდესაც ვებ–გვერდი აამოქმედეს, ძირითადად კახეთში მცხოვრებლები დარეგისტრირდნენ, რადგან მათ სხვებზე წინ ჰქონდათ ინფორმაცია“.