თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

1018

თბილისის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში ქართველი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. მარიამ ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურებებზე ისაუბრა და დედაქალაქის საკრებულოს ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გახსნის ცერემონიას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და კოლეგები, ასევე მიწვეული სტუმრები ესწრებოდონენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სხვებთან ერთად მარიამ ლორთქიფანიძის ვაჟმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ოთხმეზურმაც მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

“ჩემთვის დღევანდელი დღეს საზეიმოა, რადგან დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომლის გადაწყვეტილებითაც თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა’’,- განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.