ცქიტიშვილი: პრობლემურზე მეტი, წარმატებული პროექტი ხორციელდება (ვიდეო)

759

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით პრობლემურზე ბევრად მეტი წარმატებული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ მან “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ, მაგალითად ესაა – ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც ზაფხულიდან უსაფრთხოდ გადავაადგილდებით და ვზოგავთ დროს, დევდორაკის გვირაბი, რომელიც ბოლო ათწლეულებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, სამწლიანი პაუზის შემდეგ გავხსენით წყნეთი-ბეთანიის გზა, ოზურგეთის ფოლკლორის სახლი, მოვაწყვეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა ხერთვისის ციხესთან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დავასრულეთ საშუალო და შედარებით პატარა მასშტაბის განსხვავებული პროფილის პროექტები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა 7 კმ-ზე მეტი სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტს, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება.

“ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც შექმნის ახალ კლასტერს რეგიონში და ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. ზოგადად, როცა სიღარიბის დაძლევასა და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს უნდა შევხედოთ, ერთის მხრივ, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების საშუალებას და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ეფექტის წყაროს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი 2019 წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, წლევანდელი ბიუჯეტის დაკორექტირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხების გადამისამართება კი მოხდა სტიქიის პრევენციის, გზების რეაბილიტაციისა და წყალმომარაგების სამუშაოების მიმართულებით.