“ახალი წლის ღამეს გორში ტრადიციული კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლებიც მიიღებენ”, – ამის შესახებ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელებს.
გიორგი ქვათაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალებს ათანხმებენ. რამდენიმე დღეში კი სააგენტო პროგრამის საბოლოო ვერსიას გაავრცელებს.
“ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ 4 მომღერალი მაინც გვეყოლება თბილისიდან მოწვეული. მათ შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც გორელები არიან, მაგრამ სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობენ. ვფიქრობთ 7 000 ლარამდე დაგვჭირდება ამ კონცერტისთვის. მომღერლებთან პირდაპირი შესყიდვის წესით გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებას, ნებართვის აღებით. იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის მილოცვა, ფეიერვერკები და საახალწლო კონცერტი გორის ცენტრალური მოედანზე”, – აღნიშნა გიორგი ქვათაძემ.
გორის ცენტრალური ნაძვის ხე 17 დეკემბერს საზეიმოთ აანთეს. ამასთან, ცნობილია, რომ გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო.