ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანში მხოლოდ ერთ ადამიანი – ფარიზეტა თოთროევა ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ცოტა ხნის წინ მასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ და დაჰპირდნენ, რომ ელექტროენერგიის მისაღებად მზის ელემენტებს დაუმონტაჟებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მკვიდრმა ფარიზეტა თოთროევამ თავად აცნობა.
ბანში, ფარიზეტა თოთროევის გარდა, სხვა არავინ ცხოვრობს. მისასვლელი გზა უკვე ჩაიკეტა და იქ, მხოლოდ, ტყისთვის განკუთვნილი სატვირთო მანქანები მოძრაობენ. მერის წარმომადგენელი ტერიტორიულ თემში, გივი ელბაქიძე ამბობს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების შემთხვევაში, გზა ერთ თვეში კვლავ გაუვალი გახდება.
“ამ გზას ძირითადად შეშის მანქანები აზიანებს. გაწმენდა შესაძლებელია, თუმცა ერთ თვეში მაინც ისევ ისე იქნება. ფარიზეტას მე დიდი ხანია ვიცნობ. თუ რამ დაჭირდება, მე მირეკავს-ხოლმე” – ამბობს გივი ელბაქიძე.
ფარიზეტა თოთროევას თქმით, ას საკვებთან დაკავშირებული პრობლემაც აქვს. “ორი დღე პური არ მქონდა. დავურეკე იმერხევში ერთ კაცს და იმან ამომიტანა პური. 5 პური მოაქვთ ხოლმე ხაშურიდან ჩემთვის. ერთი კვირა მყოფნის. თუ მრჩება პური, მერე სუხარს ვაკეთებ”, – ყვება ფარიზეტა თოთროევი.
მისი ახლობლები თბილისსა და რუსთავში ცხოვრობენ. ძმისშვილის ოჯახი ფარიზეტას თბილისში ცხოვრებას სთავაზობს, მაგრამ ის სახლის დატოვებას არ აპირებს.