ბახტაძე: მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს

914

წინა სტატია

“თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია”, – ასე მიმართა მთის მცხოვრებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს.

“11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს, პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ლამაზ ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი მთიანია. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთისა და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასე არის დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობას ვესაუბრები და ვესაუბრები უშუალოდ. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ მათგან ისეთ რჩევას მიიღებ, რომ მართლაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და წინაპრების ტრადიციას აგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და მისი თქმით მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ივლისში მთის კვირეული გაიმართება.