2019 წლის ივლისში მთის კვირეული გაიმართება

1123

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოში მთის კვირეული გაიმართება. მისი თქმით, კვირეული სიმბოლურად, მთის კანონის მიღების დღის, 16 ივლისის კვირაში გაიმართება.

“მახსოვს როდესაც მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა: ეს პროექტი იქნება წყალში გადაყრილი ფული, ამით ჩვენ ვერ მოვუტანთ შედეგს მთის მოსახლეობას და ა.შ. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა საერთაშორისო დონის ექსპერტები და ორი სახელმწიფო – შვეიცარია და ავსტრია, რომლებიც საუკეთესო მაგალითები არიან თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ მთა ეკონომიკის ასაყვავებლად. ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს – ქართულ მთას.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთის კვირეული დავაწესოთ, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს – 16 ივლისის კვირეულში გაიმართება. ეს საშუალებას მოგვცემს თქვენთან ერთად მთაში აღვნიშნოთ ეს საზეიმო დღეები და ვაქციოთ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და მისი თქმით მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია.