ბახტაძე: მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია

870

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთაში კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავაზღვიოთ ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროგრამების განხორციელება. განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფების ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა მდინარისა და ხევის გასუფთავებას, 4 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სადაზღვევო პროგრამების დანერგვაც, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი შევამციროთ მინიმუმამდე“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, ბახტაძის ინფორმაციით, მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.