მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებს, კვირაში ერთხელ გაკვეთილს სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ

391

წინა სტატია

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.

„საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.