„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გენანებათ მთაში ფულის დახარჯვა და პროექტებს ნუ აფასებთ მხოლოდ ფისკალური ეფექტის და საარჩევნოდ მისაღები ხმების კრიტერიუმით“,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დეფიციტია და მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია, რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმის თუ სხვა დარგების განვითარებას აფერხებს.
“მაღალმთიან რეგიონებში რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმის თუ სხვა დარგების განვითარებას აფერხებს, ეს გახლავთ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დეფიციტი და ხელმიუწვდომლობა, რომელიც თავისი არსით გულისხმობს სამ ძირითად პრობლემას: პირველი ეს არის პროგრამებისთვის დამახასიათებელი რთული შეფასების კრიტერიუმები, რასაც რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობა სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს და დასაწყისშივე პროგრამაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მეორე პრობლემა ეს არის თანადაფინანსების მაღალი განაკვეთი, რომელიც მაღალმთიან ხეობებში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს გადასახდელი, რისი ფინანსური რესურსიც მათ არ გააჩნიათ. მესამე პრობლემა ეს გახლავთ პროექტში მონაწილე ბენეფიციარების საბოლოო შეფასება, ვის მიეცეს დაფინანსება და ვის – არა. ასეთ შემთხვევებში შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ ფისკალური ეფექტის და დაბალი რისკების მქონე პროექტებით, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში მაღალმთიან ხეობებში მცხოვრები მოსახლეობა რჩება პროექტების მიღმა და ძირითადად სარგებლობენ ის დასახლებები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა და ფინანსური რესურსი მეტია და რისკები დაბალია, რაც მთასთან მიმართებაში ასეთი მიდგომები ძალიან არასწორად მიგვაჩნია” , – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
დეპუტატი მოუწოდებს მთავრობას, რომ პროექტებს ნუ აფასებს მხოლოდ ფისკალური ეფექტის და საარჩევნოდ მისაღები ხმების კრიტერიუმით. კერესელიძე აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდა აღარ დარჩება.
„ჩემს მიერ ხსენებული პრობლემის ნათელი მაგალითია, ახალგაზრდებისგან დაცლილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაღალმთიანი ხეობები, რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთის მაღალმთიანი სოფლები, აჭარის მაღალმთიანეთი ხულო, ქედა, შუახევი. მაღალმთიანი აჭარა ვახსენე და შემდეგი საკითხი რაც მინდა ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ეს გახლავთ სააქციზო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ადგილობრივ თამბაქოს კულტურის მოყვანასთან დაკავშირებული პრობლემები შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: თამბაქოს მოყვანა შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ტრადიციულ დარგს წარმოადგენს და იქ მცხოვრები მცირემიწიანი ადგილობრივი მოსახლეობა მრავალი წელია თამბაქოს მოყვანით ირჩენს თავს, მაგრამ თამბაქოს ფოთოლზე აქციზის განაკვეთის 30 ლარიდან 60 ლარამდე გაზრდამ ადგილობრივ ფერმერებს ყველანაირი სტიმული და იმედი დაუკარგა გააგრძელონ თამბაქოს წარმოება გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტირებული თამბაქოს ნედლეულის ღირებულება ბევრად დაბალია ვიდრე ადგილობრივის და რეალურად ადგილობრივი მოსახლეობა, თამბაქოს რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვერ ახერხებს გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო და იძულებულები არიან მინიმალურ და ხშირ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად გაყიდონ ადგილზე და გარემოვაჭრეებზე. მე, პირადად ვიმყოფებოდი აჭარაში პარტია “საქართველოსთვის” აჭარის რეგიონული და რაიონული ოფისის წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფერმერებთან შეხვედრებზე, მოვისმინე მათი ძალიან დიდი გულისტკივილი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ, ამიტომ გიორგი გახარიას გუნდის სახელით, შუახევში, ქედაში და ხულოში მცხოვრები მოსახლეობის და ფერმერების სახელით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ დასმული ინიციატივა და ადგილობრივ წარმოების თამბაქოს მოყვანაზე გაზრდილი აქციზის გადასახადის განაკვეთი 60 ლარიდან შეამცირეთ 30 ლარამდე. ამის გარდა, თამბაქოს გადამამუშავებელ საწარმოებს მოვუწოდებ თამბაქოს ნედლეულის შესყიდვა განახორციელონ ადგილობრივი ფერმერებისგან, სხვა შემთხვევაში, ეს დარგი აჭარაში მოკვდება და გვექნება ის მონოპოლიური, ნეპოტისტური და კორუფციული დამოკიდებულება რაც კონკრეტულად თამბაქოს ბიზნესში არსებობს”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.