ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

924

წინა სტატია

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მოქალაქეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დარეგისტრირება.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 10 დეკემბერს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. შესაბამისად შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა.