პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე თვითმმართველობის აკადემიის დაარსების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ზაზა გაბუნიამ “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმზე წარადგინა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ევროპულ სტანდარტებს გულისხმობდეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა თავის თავში გულისხმობდეს ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ამის მაგალითად გამოდგება “უტრეხტის ოქმის” რატიფიკაცია, რომლის ინიცირება უკვე მოვახდინეთ და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საქართველო შეუერთდება რიგით მეორე ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. დღეს კი გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დავაარსოთ თვითმმართველობის აკადემია, რაც არის ევროპული პრაქტიკა და რაც გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში, რადგან ადამიანური რესურსების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველი და მეორე ფორუმი 2018 წლის მაისსა და ივლისში მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის ცალ-ცალკე გაიმართა. დასკვნით ფორუმს კი ისინი ერთად დაესწრნენ.