ყვარელში II ყოველწლიური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ მიმდინარეობს

894

წინა სტატია

ყვარელის მუნიციპალიტეტში II ყოველწლიური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ მიმდინარეობს.

ღონისძიება ზაზა გაბუნიამ გახსნა. „დაარსებიდან სულ რაღაც 3 თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ძალიან გაიზარდა კოორდინაციის ხარისხი თვითმმართველობის საკითხებზე პარლამენტს, მთავრობასა და თვითონ თვითმმართველობებს შორის. ფორუმის მიზანია, იყოს მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი, თვითმმართველობებმა დასვან კითხები, მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ ის მოდელები, რომელიც გვჭირდება დღეს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ამ თვალსაზრისით, ეს ფორმატი არის ახალი სიტყვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ღონისძიებაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძლდება, იმსჯელებენ თემებზე: სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობარეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობა (ჩართულობა), სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს იქნება მეორე ფაზა იმ მნიშვნელოვანი საკითხების შემდეგ, რომელიც ახალციხეში განიხილეს.

„იმედი მაქვს, რომ ამ პროცესს ექნება გაგრძელება. ფორუმმა იმპულსი უნდა მისცეს, რომ დღევანდელი მსჯელობა აისახოს ეფექტურ და ძლიერ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი ამოცანაა ადგილობრივი პოლიტიკის ხარისხობრივი ზრდა. ამის პოტენციალი არსებობს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.