ხვალ პარლამენტში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები – მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას. მას, ასევე დაესწრებიან საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
როგორც დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი, ფორუმზე, ძირითადად, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დეცენტრალიზაციის საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის, უფლებამოსილებებისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე.
ფორუმს, აგრეთვე, დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველი და მეორე ფორუმი 2018 წლის მაისსა და ივლისში მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის ცალ-ცალკე გაიმართა. დასკვნით ფორუმს კი ისინი ერთად დაესწრებიან.