ონის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს გლოლას, გომსა და ღარს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით უკვე სარგებლობს ონის სოფელი წედისი, ირი, სხანარი და ქვედი. ინფორმაციას რაჭანიუსი ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, გადაწყეტილების მიმღებ პირთა მოლოდინის თანახმად, აღნიშნული სტატუსი “მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ცენტალური ხელისუფლება უკვე წლებია, სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს, რაც, ცხადია, მისასალმებელია. თუმცა, ეს პროექტები და პროგრამები არსებითად ვერ აუმჯობესებს მუნიციპალიტეტების მდგომარეობას. ამიტომაც უმთავრესი, რაც ხელისუფლებამ დღის წესრიგში უნდა დააყენოს და სასწრაფოდ დაიწყოს, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაა. ეს მუნიციპალიტეტებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ ადგილობრივი პრობლემები უკეთ მოაგვარონ”, – ამბობს კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი, მაგდა პოპიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, დაახლოებით, 3.2 მილიონი ლარი გამოიყოფა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1 200 სტუდენტს 2018-2019 სასწავლო წელს სწავლა დაუფინანსდება.
ასევე, ცნობილია, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
ამასთან, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა – “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.