ქუთაისში მღვიმე აღმოაჩინეს

1030

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი), ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

6 დეკემბერს, მღვიმე სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.

“80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, – აცხადებს ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს.

წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.