ქალაქ ქუთაისისა და ქალაქ ტარტუს მერებმა – შოთა მურღულიამ და ურმას კლაასმა ქალაქ ტარტუში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ორი ქალაქის დაძმობილება და ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოსა და ესტონეთის აღნიშნული ქალაქების დაძმობილება და თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების მიზნით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინტენსიური ძალისხმევით და თანადგომით, ასევე ქუთაისისა და ტარტუს მუნიციპალიტეტების აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება და წარმოადგენს 2016 წლის აპრილში ტარტუს დელეგაციის მიერ, ქუთაისში განხორციელებული ვიზიტის საპასუხო ვიზიტს.
ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მონაწილეობა მიიღო „ტალინის ელექტრონული მმართველობის“ კონფერენციაში. კონფერენციაში, ისევე, როგორც ქალაქ ტარტუში გამართულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.
ქუთაისის მერის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრი და „კლინიკა-ლჯ“-ის დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე, მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი შოთა აბჟანდაძე და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი გივი ტყეშელაშვილი.
ტარტუში ვიზიტისას, გაიმართა ქუთაისის მერის შეხვედრა მის ადგილობრივ კოლეგასთან; დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ტარტუში განთავსებული შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები და თემატური ღირშესანიშნაობები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების, სამედიცინო, განათლებისა და კულტურის, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
წყარო: ეტანიუსი