2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მძლეოსნობის სპორტული კლუბის დაფინანსება 181 100 ლარი იქნება. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ თანხის გაზრდის გადაწყვეტილება სხვადასხვა ჩემპიონატზე სპორტსმენების წარმატებით ასპარეზობის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წელს ახალციხის მერიამ ა(ა)იპ “მძლეოსნობის სპორტული კლუბისთვის” 147 600 ლარი დახარჯა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 181 100 ლარია გათვალისწინებული.
“ეს თანხა სპორტული ღონისძიებებისთვის და მწვრთნელებისთვის გაიწერება, ვინც უნდა დადოს შედეგი, ვინც უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს. რომ მუშაობ, ხალისიც უნდა გქონდეს, ამიტომ გაიზრდება ხელფასებიც“, – ამბობს გურამ მელიქიძე და ამატებს, რომ ეცდებიან სპორტსმენებს უკეთესი პირობები შეუქმნან: “მიმიდნარე წელს ოთხი საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა, რომელიც საკამოდ ორგანიზებული იყო. მათ აქვთ ელემენტარული ინვენტარი, მაგრამ არ აქვთ ის პირობები რა პირობებშიც უნდა იყვნენ სპორტსმენები. ეს არის გასახდელები, საშხაპეები, გვინდა მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“.
ა(ა)იპ “ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის” ხელმძღვანელის ზიგმუნდ ზილბერშტეინი ამბობს, რომ 2018 წელს ახალციხიდან მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონობა ექვსმა სპორტსმენმა მოიპოვა: “მუდამ გვყავს ეროვნულ ნაკრებში ხუთი–ექვსი სპორტსმენი. ორი მძლეოსანი მინდია ენდელაძე და გიგლა ზილბერშტეინი იბრძვის ლიცენზიის მოსაპოვებლად იმისთვის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვონ“.
სპორტსმენები ახალციხის სპორტულ მოედანზე კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობენ. კლუბში 75 მოსწავლეა და სწავლება უფასოა.როგორც მძლეოსნობის კლუბში აცხადებენ 2019 წელს ახალციხეში სამი საერთაშორისო შეჯიბრი აპრილში, მაისსა და ოქტომბერში ჩატარდება.
ა(ა)იპ–ი “ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი” 2013 წელს დაფუძნდა. კლუბში 20 ადამიანია დასაქმებული.