“ისეთი თვითმმართველობის შექმნა გვინდა, რომელიც დასახლებებისა და რეგიონების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული”, – განცხადება პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, როდესაც თვითმმართველობების განვითარებასა და დეცენტრალიზაციაზეა საუბარი, აუცილებელია ეს პროცესი იყოს გააზრებული, თანმიმდევრული, მდგრადი და მუდმივი სისტემის შექმნაზე ორიენტირებული, რაც თვითმმართველობების მუდმივ განვითარებას უზრუნველყოფს.
“ყველანი ვთანხმდებით, რომ თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც მას მოქალაქე ენდობა და მაშინ როდესაც თვითმმართველობას მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტილს უნარი აქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გარდა, ჩვენ ისეთი თვითმმართველობის შექმნა გვინდა, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება დასახლებებისა და რეგიონების განვითარებაზე და მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე, მათი შესაძლებელობების განვითარებაზე. სწორედ ასეთი თვითმმართველობის შექმნისკენ არის მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელზეც ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ, მათ შორის საშუალოვადიანი სტატეგია და სამოქმედი გეგმა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.
“ყველანი ვთანხმდებით, რომ უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს – ადგილზე უნდა იმართებოდეს საჯარო საქმის დიდი ნაწილი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად, უნდა იყოს დამყარებული მოქალაქეთა ნებასა და მათ ჩართულობაზე. მეორე სფერო არის ფისკალური დეცენტრალიზაცია. აქ თვითმმართველობას მეტი საქმის გასაკეთებლად მეტი ფინანსური რესურსი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები და შესაძლებელობები სჭირდება. მესამე ეს არის კარგი მმართველობა – თვითმმართველობა გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ყველა პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ქმედით და აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.