რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება მომდევნო წელს 13%-ით იზრდება.
როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა, ეს ფორმულა უზრუნველყოფს რეგიონებისათვის მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას და აღმოფხვრის ხარვეზს.
“ასევე მოხდება მუნიციპალიტეტების შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა და ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რომელიც თვითმმართველობას დაეხმარება, გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული ქონება თუ რესურსი მეტი შემოსავლის გენერირებისათვის, ასევე, გაამარტივებს საერთაშორისო გრანტების მიღებას, ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას და სხვა ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც საჭიროა მეტ ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დეცენტრაცლიზაციის პროცესს ურყევად უჭერს მხარს და დროა, ყველას ჩართულობით, განვითარებაზე ორიენტირებული სწორი მოდელი შეიქმნას.
პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.