დაუტბორავი ბათუმი? – “იქნება,” მაგრამ არ ვიცით, როდის

1089
აღმაშენებლის ქუჩა ჟილინის არხის არეალში მდებარეობს და ორი კვისირ წინ ასე დაიტბორა

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ნინო შონია

ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-ანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის ან როგორ დაიხარჯა 6 მილიონი ჩვენი ჯიბიდან?

“მენეჯმენტის, სწორად დაგეგმარების პრობლემაა მანდ,” – გვეუბნება კომპანია “ბათუმის წყლის” ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. “მე პრობლემას მანდ ვხედავ, სულ თავში. პროექტი ერთიანი გეგმით კი არ შემუშავდა, არამედ ალაგ-ალაგ. ერთიან კონტექსტში, გეგმაზომიერად კი არ ხდება, რა უნდა გაკეთდეს, რატომ უნდა გაკეთდეს და საით უნდა მივდიოდეთ, არამედ ალაგ-ალაგ კეთდება, ქაოტურად”.

არხის რეკონსტრუქცია კი დასრულდა, მაგრამ მისი გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყოფილა ძველი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების შეცვლაც. ბათუმის კეთილმოწყობის სამსახური სანიაღვრე სამუშაოებს საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებამდე ვერ დაიწყებს. საკანალიზაციო სამუშაოებს კი ბათუმის მერია მომდევნო წელს გეგმავს, მაგრამ თუ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან დაფინანსებას ვერ მიიღებენ, ვადები კიდევ გადაიწევს.

ჟილინის არხი

ის რომ ყველაფერი ქაოტურად კეთდება, ამის დასტურად ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ინტერვიუც გამოდგება, რომელმაც იცის, რამდენი უნდა დახარჯოს ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიის სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად, მაგრამ არ იცის, რა ფართობისაა ეს ტერიტორია. “1.5 მილიონი ლარი ჯდება მთლიანად ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, თავის სანიაღვრეებით, პარკინგებით და ა.შ.,” – გვეუბნება სულხან ევგენიძე. თუმცა კითხვაზე, რა მოცულობის ტერიტორიაზეა საუბარი, გვპაუხობს: “მაგას რა დათვლის. ეს ტერიტორია ნამდვილად არ არის დათვლილი.”

გარდა ახალი ქსელებისა, ჟილინის არხის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა სატუმბი სადგურიც, რომელიც წყალს ზღვაში შეფერხების გარეშე გადაიტანს და ზღვის წყალს ქალაქისკენ არ გაუშვებს. სატუმბი სადგურის მშენებლობაზე საუბარი 2014 წელსაც იყო, ვიდრე თავად ჟილინის არხის რეკონსტრუქცია დაიწყებოდა. ბათუმის მერიას ამ სადგურის პროექტიც კი ჰქონდა მომზადებული, რომელშიც 494 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს. შემდეგ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მოიპოვეს გერმანული ბანკისგან და მისი განხორციელებაც გადაიფიქრეს. სატუმბი სადგურის აშენებას მაშინ 7.3 მილიონი ლარი სჭირდებოდა. მერიამ ამ პროექტის განსახორციელებლად თანხა ვერ მოიძია, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში 2015 წელს აუთვისებელი დარჩათ 5 მილიონზე მეტი, 2016 წელს კი 16 მილიონამდე ლარი.

ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან

დღეს ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე ფიქრობს, რომ ამ სატუმბი სადგურის არარსებობა ჟილინის არხის გამართულად მუშაობას ხელს სულაც არ უშლის. შესაბამისად, მისი თქმით, სატუმბის მშენებლობა მერიის უახლოეს გეგმებში არ შედის. არადა, ბათუმის მერიის მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ჟილინის არხის სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩაშვების პროექტზე უკვე მუშაობენ. “პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოსაზიდად მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან მოლაპარაკება ან, ალტერნატივის სახით, დაფინანსებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან,”- ვკითხულობთ წერილში.

ზურაბ წიკლაური შპს “მშენებელი 80”-ის ინჟინერია. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა ჟილინის არხი. წიკლაურიც ფიქრობს, რომ სატუმბი სადგური არხის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა. “წყლის მიღება უჭირს იმიტომ, რომ აქეთ აწვება ღელვის დროს ზღვა. ეს რომ მოგვარდეს, ამისთვის ჩაიფიქრეს სატუმბი სადგური, წყლის გადასაქაჩად. რომელიც იყო იდეაში ადრე და რომელიც უნდა განეხორციელებინათ, თითქოს. მერე გადაიდო რატომღაც. ახლა ისევ წამოტივტივდა ეს საკითხი, იმიტომ, რომ ახლახანს გავუგზავნე არხის ბოლო მონაკვეთის ნახაზები“,- გვეუბნება წიკლაური.

აღმაშენებლის ქუჩა ჟილინის არხის არეალში მდებარეობს და ორი კვისირ წინ ასე დაიტბორა

კომპანიამ ჟილინის არხის ბოლო ნაწილში სატუმბი სადგურის ადგილი მშენებლობის დროს ღიად დატოვა. თუმცა, ამ ორი წლის მანძილზე ეს ადგილი განაშენიანდა და სამშენებლო კომპანიებმა ღია მონაკვეთი გადახურეს კიდეც. “დახურეს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ ქალაქს დასჭირდება, ისევ გაიხსნება. თუმცა, ახლა რამდენად წესების დაცვითაა ის არხი დახურული, არავინ იცის”, – გვეუბნება წერეთელი.

არც იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თავად ჟილინის არხია წესების დაცვით აშენებული. პროექტის დასრულების შემდეგ აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფარული სამუშაოების (ის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მიწისქვეშაა და პროექტის დასრულების შემდეგ უხილავია) აქტები ნორმების დაცვით არ უწარმოებია მშენებელ კომპანიას. ასეთი კი მთლიანი პროექტის 98 პროცენტია, ვინაიდან არხი მთლიანად მიწისქვეშაა მოთავსებული. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არ აქვს პასუხი კითხვაზე, სამუშაოების 98 პროცენტი ხარისხიანად შესრულდა თუ არა.

“არაფერი პრობლემა არაა. სამხარაულის ნებისმიერი დასკვნა რომ ამოიღოთ, მაგაზე აუდიტი წერს მასე. ბოლოს რომ არაფერი აქვს დასაწერი, მასეთ რაღაცეებს წერს,“ – გვითხრა ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა სულხან ევგენიძემ.

ფაქტი კი ისაა, რომ ზაფხულში, მზიან ამინდშიც კი არხის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. “ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, გვგონია, ბოსტანსა და ყანებში დადიან. ტალახში გადავდივართ და გადმოვდივართ. წვიმაში საუბარი აღარაა, მაგრამ მშრალ ამინდშიც ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა”,- გვითხრა გამვლელმა, ნარგიზ მაკარაძემ.

ბათუმის მერიაში კი მაინც ფიქრობენ, რომ არხი კარგად მუშაობს.