საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დასრულდა

3513

წინა სტატია

კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42,3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარშრუტის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაძლებლობა მისცა, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო.

მალე დასრულდება საჩხერე-ქვემო ხევის  5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა და ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” აშენებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH ახორციელებს.

ასევე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, რომლის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია.

მე-2 ლოტზე (კმ5-კმ10.5) გათვალისწინებულია ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის 5-კილომეტრიანი გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქცია.

მე-6 ლოტზე (კმ40.9-კმ48,6) კი გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთზე გზა გადის ხარისთვალას, შქმერისა და უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიასა და სოფელ ბოყვაში, არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით.

პროექტის თანახმად, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 სთ-ით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.