საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება

2714

წინა სტატია

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, – ამის შესახებ droa.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უთხრეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, მე-2 ლოტზე (კმ5-კმ10.5) გათვალისწინებულია ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის 5-კილომეტრიანი გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქცია.

მე-6 ლოტზე (კმ40.9-კმ48,6) კი გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთზე გზა გადის ხარისთვალას, შქმერისა და უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიასა და სოფელ ბოყვაში, არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით.

როგორც ცნობილია, საჩხერე-ონის გზის პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა და ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” აშენებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH ახორციელებს.

ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. როგორც droa.ge-ს სამინისტროში უთხრეს, ამ ვადებში დაუსახლებელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, თუმცა იქ, სადაც პროექტით განსახლებაა საჭირო, ვადები, სავარაუდოდ, გადაიწევს.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის სამივე მონაკვეთი “Institute IGH”-ის საქართველოს ფილიალმა დააპროექტა.

როგორც ცნობილია, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.