ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭეს

1188

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერსლაშა კომახიძეს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის “ACES Europe-ის” პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა.

მერიის ინფორმაციით, ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, “ACES Europe-ის” პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ. კომისიამ ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერა და სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ACES Europe-ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბათუმს, ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული კი ბუდაპეშტს მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ.

“ACES Europe-ი” ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს “ევროპის სპორტის დედაქალაქის“, “ევროპის სპორტის ქალაქის“,”ევროპის სპორტის თემისა“ და “ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს.