რუსთავის მერიაში, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალზე არქიტექტურულ-სამშენებლო სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად MY.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს .
“MY.GOV.GE საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური სერვისებით. ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში ელექტრონული მომსახურება სატესტო რეჟიმში უკვე დანერგილია მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დისტანციური მომსახურება გაამარტივებს ქალაქში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, დაზოგავს როგორც რუსთავის მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მოქალაქეთა და ორგანიზაციების რესურსს. ვებ-პორტალით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).
MY.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის საჭიროა მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა.
დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისთვის და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID-სა და id.ge.
რუსთავის მერია საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს, რათა მათ შესაბამისი პროცედურების დაცვით უზრუნველყონ განაცხადების რეგისტრაცია”, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.
შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესიკტოგონიძე, არქიტექტურის სამსახურის, მერიის აპარატისა და ქალაქში მოქმედი საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.