ორ წელში ახალციხის მერიამ 59 კულტურული ღონისძიებისთვის 230 000 ლარზე მეტი დახარჯა. რა თანხა გადაირიცხა მომღერლებისთვის, ან მოწვეული ჯგუფებისთვის ბიუჯეტიდან ჰონორარის სახით, მერიიდან ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღო.
ახალციხის მერიამ 2018 წელს 34 კულტურული ღონისძიებისთვის 100 393 ლარი გადაიხადა, 2017 წელს 25 ღონისძიებისთვის კი 129 812.
2018 წელს ახალციხის მერიამ ყველაზე მეტი, 34 695 ლარი, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დახარჯა. ამ დღეს, ქალაქში თეატრალური წარმოდგენები და დრამშოუ გაიმართა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას თბილისიდან ჩასული მომღერლები თემურ ყვითელაშვილი, ნუცა ბუზალაძე, “თბილისის ბიგ-ბენდი“, “ქართული ხმები“ და “რეზო და ბავშვები“ აფორმებდნენ. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
მერიამ ბიუჯეტიდან, 20 ოქტომბერს გამართული შემოდგომის ფესტივალისთვის 20 849 ლარი დახარჯა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ნახატები. გაიმართა, სპორტული ღონისძიებები. კონცერტზე მიწვეულები იყვნენ ანსამბლი “ივერია“, თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, დათო აბულაძე, თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში და ზურაბ კობეშავიძე.
ასევე, წელს მერიამ ანსამბლ “მესხეთის“ წევრების ნიდერლანდების სამეფოში “Wwies is de mol-ის” დასკვნით ღონისძიებაზე გამგზავრებისთვის 4 411 ლარი გამოყო. ამ თანხით ფრენისთვის ბილეთები შეიძინეს.
3 563 ლარი დაიხარჯა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალციხის ციხეზე ღონისძიების მოსაწყობად. ამ დღეს წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებისათვის, სტიპენდიებისათვის 5 000 ლარი გაიცა. ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაცოცხლდა ძველი ქართული საკვირაო ბაზრობა, ასევევ, გაიმართა თეატრალური წარმოდგენა, შეჯიბრი ნარდსა და ჭადრაკში. მოეწყო ხალიჩა – ფარდაგებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება დასრულდა ფეიერვერიკით.
ისევე, როგორც წელს, შარშანაც ახალციხის მერიამ ყველაზე მეტი თანხა, 52 589 ლარი შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დახარჯა. 45 576 ლარი გადაიხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსაწყობად. სხვა კულტურული ღონისძიებებისთივს კი ჯამში 10 091 ლარი გადაიხადა.