ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის მიზნები 4 წელიწადში 44%-ით არის მიღწეული

1128

წინა სტატია

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და „მწვანე კავკასიის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის მიზნები 4 წელიწადში 44%-ით არის მიღწეული.

2010-2017 წლებში მთავრობის მიერ მიღებულია სხვადასხვა დარგისა და რეგიონის განვითარების 40-ზე მეტი სტრატეგიული დოკუმენტი, თუმცა, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, როგორ მიმდინარეობს ამ სტრატეგიების შესრულება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე კავკასიამ“ და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ შექმნეს სამთავრობო სტრატეგიების განხორციელებაზე სამოქალაქო მონიტორინგის პირველი პრეცედენტი. სპეციალურად  მონიტორინგის მიზნებისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის 14 მიზნის მიღწევისა და 172 ამოცანის შესრულების მდგომარეობა 231 კრიტერიუმით შეფასდა. მონიტორინგის ანგარიში 35 საჯარო ინსტიტუციიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა.

მონიტორინგის შედეგებით, ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ მისი ცალკეული მიზნების მიღწევის მდგომარეობა განსხვავებულ დონეზეა  (27-დან 71%-მდე),   ხოლო მთლიანობაში სტრატეგიის მიზნები 44%-ით არის მიღწეული.

ორგანიზაციებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ სტრატეგიის დოკუმენტის განახლება, რაც, მათი აზრით, უნდა მოხდეს მთავრობის მიერ 2016 წელს დამტკიცებული „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ პრინციპების დაცვით, ასევე, თითოეული ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურის მითითებითა და შედეგების ინდიკატორების განსაზღვრით.

ორგანიზაციები თვლიან, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი უნდა იყოს რეგიონული განვითარების სტრატეგიების მიზნების მიღწევის დამატებითი ინსტრუმენტი და საჭიროა მისი განკარგვის პროცესის დეცენტრალიზაცია: ეს საბიუჯეტო ფონდი რეგიონებს უნდა გაუნაწილდეს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება, ცენტრის ნაცვლად, უნდა მოხდეს გუბერნატორებთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებში, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კვლევა ჩატარდა, ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.