მესტიაში საახალწლო ღონისძიების გასამართად მზადება უკვე დაიწყო. ახალი წლის ღამეს სეტის მოედანზე მინიმუმ სამ ადგილას კოცონს დაანთებენ. ამასთან, მოეწყობა თოვლის ბაბუას და ფიფქიას კუთხე, სადაც ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ დედ–მამით ობოლ ბავშვებს, შშმ პირებსა და “ხანდაზმულებს 100 წელს ზემოთ“. მერიაში გამოცემა “ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ჯამში 50 ადამიანზეა საუბარი.
ამასთან, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 31 დეკემბერს პოპულარული ქართული ბენდის, ან შემსრულებლის მოწვევა, რომელიც ცნობილი სიმღერების ახალ ვერსიას შესთავაზებს მსმენელებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლებიც. კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
გამარჯვებულმა ახალი წლის წინა პერიოდში უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის გაფორმება, მესტიის ქუჩების მოწყობა საახალწლო განათებებით, საახალწლო ბანერების განთავსება და მესტიის ცენტრში საახალწლო დეკორატიული კუთხეც გაკეთდება.
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერიამ 16 500 ლარი გამოყო.