რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში

551

ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 900 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 5 347 600 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 3 852 200 ლარი კი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვის არის გაწერილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

19 ნოემბერს ახალციხის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. პროექტი დეპუტატებს ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ წარუდგინა, თუმცა მანამდე მან გასული ორი წლის შესრულებული პროექტები და ბიუჯეტები მიმოიხილა. სხდომაზე, გასული წლებისგან განსხვავებით, ადგილობრივები არ აქტიურობდნენ, თუმცა, ის ვინც განხილვას ესწრებოდა, ვიდრე მელიქიძე ახალი პორექტის წარდგენას დაიწყებდა, დარბაზი მანამდე დატოვა.

2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. ამისთვის გაწერილი 5 347 600 ლარიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვისთვის 923 800 ლარია გაწერილი, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაციისათვის – 2 425 000 ლარი, დასუფთავების ღონისძიებებისთვის – 1 165 000 ლარი, გარეგანათების რეაბილიტაცია–ექსპლოატაციისათვის – 580 000 ლარი, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის – 420 000 ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის – 20 000 ლარი, ა(ა)იპ ახალციხის მელიორაციისათვის – 240 000 ლარი, პარკების და სკვერების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის – 165 000 ლარი, სპორტული მოედნების მოწყობისათვის – 150 000 ლარი, სახლების და სახურავების მოწყობა–რეაბილიტაციისათვის – 1 100 000 ლარი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ბიუჯეტის პროექტში 3 476 500 ლარია გაწერილი. კულტურული და სპორტული ღონისძებებისთვის კი 2 023 500 ლარი, ამ თანხაში შედის კულტურის დაწესებულებთა გაერთაინებაში შემავალი ორგანიზაციების დაფინანსებაც.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მომავალ წელს 1 100 000 ლარი დაიხარჯება. ამ მუხლიდან თანხა სხვადასხვა მიმართულებებით ასე გაიწერება: ჯანდაცვის პროგრამები – 166 700 ლარი, ააიპ ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები – 166 700 ლარი, სოციალური პროგრამები – 933 300 ლარი, შშმ პირთა სოციალური დახმარება – 90 600 ლარი, ააიპ–ახალციხის სათნოების სახლი – 129 200 ლარი, ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 18 000 ლარი, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარება – 133 500 ლარი, ახალციხეში მგზავრთა გადაყვანის შეღავათის პროგრამა – 22 000 ლარი, ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე – 61 000 ლარი, აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – 18 000 ლარი, სახელოვნებო სკოლებში სოციალური შეღავათების მქონე პირთა შვილებისთვის სოციალური დახმარება – 48 000 ლარი, მოსახლეობის საოპერაციო და სოციალურად დაუცველთა სამედიცინო გამოკვლევების დახმარება – 390 000 ლარი.

ბიუჯეტის პროექტი განხილვის შემდეგ საკრებულოდან მერიაში დაბრუნდება. საკრებულოს კი დასამტკიცებლად 25 დეკემბრამდე გადაეცემა.