2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის 143 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

1005

წინა სტატია

 2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის ღირებულების 143 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. პროექტებს სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციები – საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებენ.

მინისტრის ცნობით, მომავალი წლისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 47 მილიონი ლარის 62 პროექტია დაგეგმილი. მისი თქმით, პროექტები გზების, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოიცავს.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების პრობლემის მოწესრიგების მიზნით, ოზურგეთის სამ სოფელში (ბახვი, ცხემლისხიდი და ვაკიჯვარი) დაიწყება 9 მილიონის ღირებულების მასშტაბური წყალმომარაგების სისტემის პროექტი. ასევე, განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის, ანასეულის და ექადიის დასახლების წყლის სისტემისა და კანალიზაციის მშენებლობა, რომელიც 3 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდება.

გარდა ამისა, სოფელ შრომაში, ასკანაში, თხინვალსა და მერიაში აშენდება სკოლები. ქალაქ ოზურგეთში მოეწყობა საჩოგბურთო კორტები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრში მდებარე სტადიონს, დაბა ურეკში მოეწყობა ბულვარი და დაიწყება სოფელ ასკანას ციხის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ოზურგეთში 1905 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ ისტორიულ მუზეუმს. 27 სოფელში მოეწყობა ამბულატორია და მუნიციპალიტეტისათვის დამატებით სამბრიგადიანი სასწრაფო დახმარების ცენტრი აშენდება.

დაგეგმილია ნატანდამჭერის მოწყობა მდინარე სუფსასა და მდინარე ჩოლოქზე, ხოლო ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება მდინარე ნატანებზე სოფლებში – დვაბზუსა და გურიანთაში, მდინარე აჭისწყალზე – სოფელ ლიხაურში. 2019 წელს ასევე დასრულდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.

მინისტრის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 21 მილიონი ლარი მოხმარდება. “28 ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა სასოფლო გზებს, მოეწყობა სანიაღვრე არხები, სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალას) სასაფლაომდე მისასვლელ გზას და სოფელ გაღმა დვაბზუ-ბახვის დამაკავშირებელი გზას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.