ცქიტიშვილი: ოზურგეთის სამი სოფლის 7000-ზე მეტ მოსახლეს 24 სთ-იანი წყალმომარაგება ექნება

621

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას შეხვდა და გურიის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

“ბევრი წლის განმავლონბაში სოფლების – ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვრის მოსახლეობა ითხოვდა წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას. 9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ 7000-ზე მეტი ადამიანის წყალმომარაგება მოწესრიგდეს. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემა, სამწუხაროდ, საერთოდ არ არის და უკვე 1 წელიწადში გვექნება საშუალება 24 საათიანი სასმელი წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას“, – აღნიშნა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაციას თქმით, პროექტის სამშენებლო სამუშაოების 2019 წლის აპრილში დაიწყება და მოიცავს სრული ციკლის სამუშაოების განხორციელებას, სოფელ ვაკიჯვარში წყლის რეზერვუარით. მან საევე აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი შემოწმებულია და არის მაღალი. მისივე თქმით, სამუშაოებში მაქსიმალურად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამივე სოფლის შემთხვევაში, პრიორიტეტია წყალმომარაგების სისტემის გამართვა, სოფლის შიდა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, გარეგანათებების დამონტაჟება და სხვა.