საცხოვრისის უზრუნველყოფის თხოვნით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიას 171-მა ადამიანმა მიმართა. შესაბამისი დახმარება უწყებამ 29 მათგანს გაუწია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს თავშესაფარი სხვადასხვა შენობებში გამოეყოთ. მაგალითად, 6 ოჯახი ამჟამად კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს.
თავშესაფრის მთხოვნელთა ნაწილს მერიამ თანხა გამოუყო – ისინი უწყებისგან ბინის დასაქირავებლად, ყოველთვიურად, 80 ლარს იღებენ.
დარჩენილ 101 ადამიანს კი მერიამ დახმარებაზე უარი უთხრა.
“ასობით ადამიანია, ვისაც სახლი არ აქვს. მერია ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. არის ანკეტა, რომელსაც მთხოვნელი ავსებს და ამ ანკეტაში შეტანილი მონაცემებით ითვლება ქულები. მაგალითად, თუ ადამიანი პენსიონერია, სოციალურად დაუცველია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დაავადების მატარებელია, მაშინ მას მეტი შანსი აქვს, რომ საცხოვრისით დაკმაყოფილდეს“, – განმარტა სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიამ 10 თვეში თანამშრომელთა მივლინებებზე 27 339 ლარი, სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი, ხოლო, საწვავისთვის 45 841 ლარი დახარჯა.