რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე ჰიმალაის მარილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

1200

წინა სტატია

გუშინ რუსთავში “ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

“ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელშეწყობით და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის, აქტიური ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს “გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.

“პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ინვესტიციის შემოტანა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მარილის ქარხანა აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2 500 ტონა პროდუქციის წარმოებას და გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება ევროკავშირის ბაზარზეც. საწარმოში 40-50 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები დასაქმდებიან.

კომპანია პაკისტანიდან შემოტანილი ნედლეულით გეგმავს, აწარმოოს ჰიმალაის საკვები იოდიზირებული და არაიოდიზირებული მარილი, სამკურნალო სპა დარბაზების სამშენებლო-საყოფაცხოვრებო აგურები და ჰაერის გაწმენდი ლამფები.