რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის საწარმო აშენდება

727

სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მარილის საწარმოსმშენებლობა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს შპს “გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე ააშენებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2 500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს“, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება.