ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი-დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, საქართველოს მთავრობასა და მთის განვითარების ეროვნული საბჭოსთან, ქალაქ ტყიბულისთვის მაღალმთიანობის სტატუსის მისანიჭებლად, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ელგუჯა გოცირიძის თქმით, სასურველი შედეგის მისაღწევად ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს და თუ პროცესები შეუფერხებლად წარიმართა, ქალაქ ტყიბულის მოსახლეობა შემდეგი შეღავათებით ისარგებლებს: ფიზიკური პირი გათავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი კი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით);
ოჯახს პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი გადაეცემა;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერს გაზრდილი ოდენობით გაცემს;
პენსიონერებს ექნებათ ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20%-სა და სოციალური პაკეტზე 20%;
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%-ით გაიზრდება.
გაიზრდება დანამატი ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას (15 კუბური მეტრი).
ამასთან, აბონენტს მის მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი ანაზღაურდებათ (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა).