უშგული-მესტიის გზაზე 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

700

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ. სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, დამატებით 13 კმ-იან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. საერთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ. გზის რეაბილიტაცია დასრულდება.

“აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდან-ლასდილამდე მიმავალი 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც 13 კმ-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, დარჩენილი 12 კილომეტრის რეაბილიტაცია კი 2019 წელს დასრულდება.

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გზას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ამ დროისთვის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. უშუალოდ სამუშაოების დასაწყებად ტენდერი 2019 წლიდან ეტაპობრივად გამოცხადდება.

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დაახლოებით, 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.