ზუგდიდის მერიის მიერ საახალწლო დეკორაციების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შპს “სითი ლაითმა“ გაიმარჯვა. ქალაქის მორთვის სამუშაოები კი თვის ბოლოს დაიწყება.
საბოლოო ფასი, რომელიც ტენდერის მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ დააფიქსირა, 323 653 ლარია, რაც 3 ათას 300 ლარით ნაკლებია შესყიდვის თავდაპირველ ღირებულებაზე.
ზუგდიდის მერიაში გამოცემა “ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ქალაქი ძირითადად ახალი საახალწლო ნივთებით მოირთვება, ძველი გასანათებელი მოწყობილობები კი არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ადგილებში გამოიყენონ.
ამასთან, რუსთაველის ქუჩის და ზვიად გამსახურდიას გამზირი, ბულვარის ტერიტორია. ასევე, მუზეუმის ცენტრალურ ჭიშკრამდე მისასვლელი გზა და მუზეუმის ეზო განათდება და ქალაქში “ანგელოზის“ კონსტრუქციასაც დადგამენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია ზუგდიდს საახალწლოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ნათხოვნი დეკორაციებით რთავდნენ.