თელავის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

792

თელავის საკრებულოში სხდომამ დღესაც ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება, მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილის პოზიციას მოჰყვა, როდესაც მჭედლიშვილმა საკრებულოს წინა სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ქალაქ თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის შესახებ. სამარცხვინო უწოდა.

“ეს არ არის კარგი საქციელი, ეს სამარცხვინო საქციელია და იმედი მაქვს, შვიდივე დეპუტატს, ვინც ხელი შეუწყეთ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას, გრცხვენიათ, რადგან ვერ გაუმკლავდით პარტიულ ნომენკლატურას. ეს ჩემი ბოლო დასწრებაა საკრებულოს სხდომაზე, პროტესტს გიცხადებთ, ამხანაგო დეპუტატებო!”, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა თელავის საკრებულოში მოქალაქის წუთით სარგებლობის დროს.

ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ საუბარი ხმამაღალ ტონში განაგრძო და მჭედლიშვილი დეპუტატებისთვის მორალის კითხვაში დაადანაშაულა. არჩილ თხლაშიძის თქმით, მას აქვს უფლება მოქალაქეს სიტყვა არ მისცეს, თუკი ასე ჩათვლის საჭიროდ.

“მე მაქვს უფლება არ მივცე მოქალაქეს სიტყვა და არ დავუშვებ, ვინმე დეპუტატებს მორალს უკითხავდეს. კონსტრუქციული და საინტერესო იდეების მოწოდების საშუალება კი ნებისმიერს ექნება”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.

ქალაქ თელავის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება 19 მაისს მიიღო. საკრებულოს სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი