სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია, მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაცია ამის შესახებ topnews.com.ge-მ გაავრცელა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სსკ–ს 126–ე მუხით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
კონკრეტულად რა მოხდა თავმჯდომარის კაბინეტში, დეტალები გამოცემა “ქუთაისი პოსტმა” მოიკვლია.
როგორც ირკვევა, ბადრი შენგელიასა და მოქალაქე მაია ქორიძეს შორის დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას კაბინეტში სიტყვირი დაპირისპირებით დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.
როგორც ნუგზარ ჯამბურია, რომელიც დაპირისპირების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა, “ქუთაისი პოსტთან” საუბარში ამბობს, დაპირისპირებული მხარეები ახლო ნათესავები არიან და მათ ჩხუბი პირად საკითხზე მოუვიდათ.
“ბიძაშვილები არიან ერთმანეთის. რაღაც პირად საკითხზე დაიწყო კამათი. არავითარი ცემა არ ყოფილა, იკამათეს სიტყვიერად და მერე ხელით უჯიკეს ერთმანეთს. მე გამშველებლის როლში ვიყავი”,–ამბობს ნუგზარ ჯამბურია.
ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს თავად ღანირის დეპუტატი. ბადრი შენგელიას თქმით, მასსა და მაია ქორიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
“თავმჯდომარესთან ყოფილა მისული და მე მითხრეს შენ გკითხულობსო. შევედი და პირდაპირ მითხრა, რას გავს ღანირი, რა დღეშიაო. ამაზე გავბრაზდი. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ როგორც ვატყობ განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. მესმის მისიც, სამსახური არ აქვს ადამიანს და გაბრაზებულია ალბათ ხელისუფლებაზე. ამაზე ვიკამათეთ. ახლოს არ მივკარებივარ, არ შევხებივარ ხელით, ან ჯამბურიას გაშველება რად მინდოდა, ჩემპიონი ვარ ჭიდაობაში”,–ამბობს ბადრი შენგელია.
ბადრი შენგელია ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა, შემთხვევის ადგილზე უკვე იყვნენ პოლიციელები და თავმჯდომარის კაბინეტი, სადაც დაპირისპირება მოხდა, დაათვალიერეს.