საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

994

წინა სტატია

მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების თაობაზე  გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

მომხსენებლის გამოსვლამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა, კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი – 268 მლნ ლარით.

“ასიგნებები აღწევს 12 მლრდ 997 მლნ ლარს ანუ თითქმის 13 მილიარდია. მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. არის რამდენიმე პროგრამა, რომლის დაფინანსებაც გაზრდილია. კერძოდ, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. გარდა ამისა 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული ნაკლებად დაცული ოჯახებისათვის. ამასთან, 144 000 ბავშვი მიიღებს 50 ლარიან დახმარებას. მეორად ვერსიაში ეკონომიკური ზრდის პარამეტრები იგივეა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, საქართველოში  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა. მისივე თქმით, მისიასთან ერთადაც იქნა განხილული ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტია დაფუძნებული.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელმაც პროგრამის მიმოხილვა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა, შეთანხმდა ძირითადი პარამეტრები 2019 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა – 4,5%; მშპ-ს დეფლატორი – 3,5%; ინფლაცია – 3,0%; საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 357.0 მლნ ლარით, მათ შორის: გადასახადები – 80 მლნ ლარით; გრანტები – 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავაშირთან არსებული საიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები – 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 268.0 მლნ ლარით. მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) – 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის – 92 მლნ ლარი; საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული;

იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მილიონი ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მლნ ლარი. “არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2018 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება, შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას.