კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

427

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციას, მომხსენებლის განმარტებით, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა. სავაჭრო ბრუნვის ზრდა გასულ წელს 25.7 პროცენტი იყო და 14 326.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი იყო 4 242.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 10 084.4 მლნ აშშ დოლარი.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2021 წელს საქართველოს 1 881.3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7,7 პროცენტით მეტია.

მომხსენებელმა კულტურის, სპორტისა და დიასპორის მიმართულებით გაწეულ ხარჯებზეც ისაუბრა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბიუჯეტში ერთიანად იყო წარმოდგენილი და 1 მილიარდ 882 მლნ ლარის ხარჯი გაიწია. შესრულების მაჩვენებელი 106% -ია. ინვესტიციების კუთხით, კულტურაში 8 მლნ იყო დაგეგმილი, შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა 12.6 მლნ ლარამდე და 12.4 მლნ-ის ათვისება მოხდა. ეს არის 98.5%. სპორტის კუთხით 47.7 მილიონი ლარი იქნა გაწეული და შესრულების მაჩვენებელი არის 100%. სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობაზე მიიმართა 5.6 მლნ ლარი და შესრულება 97%-ია. კულტურის ხელშეწყობის ნაწილში მიმართულია 71.9 მლნ ლარი და 100.9% არის შესრულება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით გაწეული ხარჯი არის 8.5 მლნ და 95%-ია შესრულების მაჩვენებელი. მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობაში გაწეული ხარჯი არის 137 მლნ ლარი და 100.5%-ია შესრულებული მაჩვენებელი. კულტურისა და პოსტის მოღვაწეთა სოციალური დახმარების კუთხით გაწეული ხარჯი არის 34. 7 მლნ ლარი და 108.9%-ია შესრულების მაჩვენებელი. 881 ათასი ლარი იქნა გასულ წელს ათვისებული დიასპორულ პოლიტიკაში და შესრულების მაჩვენებელი არის 100%“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, 2021 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 24 %-ით გაიზარდა და 2 032.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 928 250.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებული იქნა 15 142 672.8 ათასი ლარი.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ მხარი დაუჭირეს.